вторник, 24 января 2012 г.

შემეხე



ფორუმგეზე ხელოვნების განყოფილებას ხშირად ვათვალიერებ ხოლმე, განსაკუთრებით სპექტაკლების რევიუებს თუ ანონსებს თეატრის თემაში.გუშინ რომ შევედი ბოლო რამდენიმე გვერდზე სპექტაკლი "შემეხე" იყო აქტუალური. რადგან ტვს არ ვუყურებ და არც მაინცდამაინც სხვა საინფორმაციო წყაროებს ვწყალობ (რადიო,სხვადასხვა სოც-ქსელი, უბანი და ა.შ), არც ის მქონდა გაგებული, რომ ეს სპექტაკლი რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე იდგმებოდა, ბრიტანელი რეჟისორი ჰყავდა და სამი უცხოელი და სამი ქართველი მსახიობი მონაწილეობდა, და უცხოელი იმიტომ, თურმე, რომ სპექტაკლის ექსპერიმენტულობიდან გამომდინარე თამამი სცენების სიჭარბის გამო უარი განაცხადესო ქართველებმა(ეს ალბათ ჭორია, არც მახსოვს საიდან გავიგე, დანარჩენი ინფორმაცია კი ისევ მრავალთემანახული ფორუმიდან ამოვკრიბე). ასე თუ ისე, სურვილი გამიჩნდა მენახა ეს ექსპერიმენტი და გარდა იმისა რომ ხმამაღლა გამოვთქვი სურვილი ონლაინ სივრცეში, გამიმართლა და მოსაწვევიც კი ჩამივარდა ხელთ, რომელსაც კომენტარიც  მოჰყვა, +18-ია და, ნუ, ვინმე ახლობელთან, ან +40, ან ოჯახის წევრთან ან შეყვარებულთან ერთად წასვლას არ გირჩევდი, უხერხული იქნებაო. დავასკვენი, რომ ან მარტო, ან დაქალთან ერთად თუ წავიდოდი (!) :დ თუმცა გავრისკე, და... მაინც შეყვარებული წავიყვანე. ეს - წინასწარ აჟიოტაჟს რაც შეეხებოდა.
ბუნებრივია, ამის მერე , განსაკუთრებულობის შეგრძნებით  და გაორმაგებული ცნობისმოყვარეობით მივადექი ექსპერიმენტული სცენის კარს (უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ვიყავი, რადგან რუსთაველის თეატრს არ ვწყალობ და დიდ სცენაზედაც მაინცდამაინც ხშირად არ დავდივარ) და დაწყებამდე დარჩენილი 10 წუთიც მოთმინებით გავლიე.
 დაიწყო სპექტაკლი. სრულიად სადა სცენა- რამდენიმე სკამით და ერთი კარიანი კედლით აღჭურვილი (კუთხეში შეუმჩნევლად მდგარი პიანინო არ ითვლება) ისეთ მოხრიოკებულ, ცივ შთაბეჭდილებას ტოვებდა, აუცილებლად სჭრიდებოდა რაღაც, მსახიობებიდან წამოსული მუხტი მაინც, რომ გაეთბო ის სივრცე.რა თქმა უნდა, წინასწარ ვარ შემზადებული რომ საქართველოში მსგავსი აქამდე არ გვინახავს, სპექტაკლი ექსპერიმენტულია, +18-იც და განსაკუთრებულად აღვიქვამ ყველაფერს. ეს სცენაც ამ განსაკუთრებულში მივათვალე, თუმცა რაღაც გაურკვეველმა ეჭვმა მაინც გამკრა.რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ჩემი ეჭვი სულ უფრო მეტად იდგამდა ფესვებს, რომ ეს ექსპერიმენტი კი არა, რაღაცის თქმის უსუსური მცდელობა იყო , ფორმამიუცემელი, ჩამოუყალიბებელი და თუ ცოტა უხეშები ვიქნებით და დავაკონკრეტებთ -ცუდად ინფორმირებული რეჟისორის ვითომ სიახლე  მცდარად შერჩეულ ადგილზე. მოკლედ ყველაფერს არ დავწერ რადგან სპექტაკლი ჯერ კიდევ მიდის და რაღაც ხომ უნდა დაიტოვოთ - ინტრიგა და ახლის მოლოდინი, თუნდაც :))).  ერთს დავამატებ მხოლოდ, არშემდგარი სპექტაკლით იმედგაცრუებული და ხელჩაქნეული, მაყურებელმა მაინც გამაოცა, "უხამსი" სცენებისგან თავის არიდების მიზნით დარბაზი რომ დატოვა. პროცენტულად ეს მაყურებელი, მართალია მცირე იყო, მაგრამ ფაქტია, აშკარა "შეხება"ს ჯერ კიდევ თვალებზეთითებაფარებულებმა უნდა ვუყუროთ.

ექსპერიმენტად კი მხოლოდ ის შეიძლება ჩავთვალოთ-რა რეაქცია ექნებოდა მაყურებელს "თამამ" სცენებზე :)))





четверг, 10 марта 2011 г.

ქალი ძაღლით

წულაძის ამ სპექტაკლზე დიდი ხანია მინდოდა დასწრება. ექსპერიმენტული სპექტაკლიო, ისაო, ესაო...როგორც იქნა  ვიშოვე ბილეთები და წავედით. თვალში მომხვდა უცხოელ მაყურებელთა სიმრავლე და გავიფიქრე კიდეც, ნეტავ როგორ იგებენ- მეთქი ქართულის უცოდინრად, მაგრამ დარბაზის კუთხეში დამონტაჟებული თარჯიმანი ტაბლო შევამჩნიე და დავწყნარდი , თუმცა არც არაფერი იყო ისეთი გასაგები, როგორც შემდეგ ვნახე. ძირითადი აქცენტი ვიზუალურ გამომსახველობაზეა გდატანილი , ძალიან ცოტაა მოძრაობა და კიდევ უფრო ნაკლები –სიტყვები, სამაგიეროდ ფანტასტიურად არის შეხამებული მუსკა , კადრი და განათება. ორი სიტყვით „კადრების ესთეტიკას“  დავარქმევდი ამ სპექტაკლს.  მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მომეწონა, და ალბათ, არა მარტო მე ,  ეს იყო თოჯინების და მსახიობების შესანიშნავი სიმბიოზი. ასეთი რამ მე პირადად პირველად ვნახე. სიუჟეტს რაც შეეხება, ფაქტიურად დამხმარე და ძალიან მეორეხარისხოვანი იყო. იყო ამბავი იმისთვის რათა ეს სიმბიოზი რაც შეიძლება სრული და სასიამოვნო სანახავი ყოფილიყო., თუკი ამ კუთხით განვიხილავთ, ვთვლი რომ სპექტაკლი შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც.


პ.ს. მხოლოდ ერთს დავამატებ,სცენიდან ისეთი სიმშვიდე იღვრება , ეცადეთ არ დაგეძინოთ,   :)